შანტანი: ბრენდინგი და ლოკაციის ისტორია
დეველოპერული კომპანია ,,ბიოგრაფი ლივინგი” განაგრძობს თანამედროვე ქალაქის შენებას. ჩვენი ახალი პროექტი, შანტანი, კიდევ ერთ საინტერესო ამბავს გააცოცხლებს. ამჯერად წარსულში მოგზაურობა მუშთაიდის ბაღიდან დაიწყება. დღევანდელ ბლოგში მოგიყვებით ,,ბიოგრაფი ლივინგის” უახლესი პროექტის ლოკაციის ისტორიასა და მის ვიზუალურ იდენტობაში გაცოცხლებულ მოტივებზე.
შანტანის ვიზუალური იდენტობა
შანტანის ბრენდინგში გამოყენებულ თითოეულ სიმბოლოს თავისი ისტორია აქვს. ცხადია, ისინი შემთხვევით შერჩეული არაა. ყველა მათგანი კავშირშია პროექტის ლოკაციასთან. მათი საშუალებით წარსული, აწმყო და მომავალი ერთიანდება. მრავალფუნქციური კომპლექსის ერთ-ერთი უმთავრესი ინსპირაციის წყარო ნიკო ფიროსმანის სიყვარულის ამბავია. შანტანის შიდა ინტერიერში, ლობისა და საერთო სივრცეებში ფიროსმანის უმშვენიერესი ნახატების ანარეკლს იხილავთ. მეტიც, შანტანის ბინების სახელწოდებებიც სწორედ მხატვრის შემოქმედებითაა შთაგონებული. ფიროსმანი; ირემი; მეთევზე; შავი ლომი; ყვითელი ლომი; მარგარიტა - შანტანის ბინების სახელწოდებათა ჩამონათვალში სწორედ ამ სახელებს შეხვდებით.
სიმბოლოები, რომლებსაც შანტანის ლოგოზე ვხვდებით:
ვარდი
საბავშვო მატარებელი
დინამო არენა
ფიროსმანის ვარდები
ლეგენდის თანახმად, მუშთაიდის ბაღის სცენაზე, კაფე შანტანში მოღვაწეობდა აქტრისა მარგარიტა, ნიკო ფიროსმანის ერთადერთი სიყვარული. თბილისში დღესაც ჰყვებიან ამბავს ამ ლამაზ სასიყვარულო ისტორიაზე. თურმე, ერთ დილას ქალაქში ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა. ამბობენ, ნიკალას თავისი პატარა დუქანი გაუყიდია და იმ ფულით ქალაქში გასაყიდი ყველა ყვავილი შეუძენია.

ცხრა ურმით დატვირთული მიდიოდა ქალთან, რომელსაც, გასტროლებზე ჩამოსულს, სცენაზე, თავისი საოცარი ცეკვით, ნამდვილი ცეცხლი დაენთო. სამწუხაროდ, ღარიბი ნიკალას სიყვარული იმთავითვე განწირული და უიღბლო იყო. ერთ დღესაც მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც პარიზში გამგზავრებული აქტრისა მას სამუდამოდ ემშვიდობებოდა. სწორედ ამ სევდიან, თუმცა ლამაზ სიყვარულის ისტორიას აცოცხლებს ლოგოზე გამოსახული ვარდი.
საბავშვო მატარებელი
1935 წელს მუშთაიდის ბაღში ცნობილი საბავშვო რკინიგზა გაიხსნა, რომელიც უნიკალურია თავისი დაარსების ისტორიით. ეს იყო მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა. ლოგოზე ასახული მატარებელი ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღმნიშვნელია.

დინამო არენა
ლოგოზე ასევე ვხვდებით თბილისის დინამოს საშინაო მოედნის - ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის სიმბოლოს. დინამო არენა პირველი სპორტული ნაგებობა იყო საქართველოში. მოედანი თავისი მასშტაბითა და არქიტექტურული ღირსებით თავისი დროის საუკეთესო სპორტულ ნაგებობათა რიცხვს მიეკუთვნებოდა. მისი აგება განაპირობა თბილისის დინამოს პოპულარობის ზრდამ და გუნდის წარმატებამ.

შანტანი - მუშთაიდის ბაღის გაცოცხლებული ისტორია
შანტანი მუშთაიდის ბაღის წინ მდებარეობს. პროექტის სახელწოდებაც ამ ისტორიულ ადგილს უკავშირდება. მომღერალი კაფე შანტანი პარკის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობა იყო. თუ ობიექტის მიმდებარე ტერიტორიას გადახედავთ, აქვე შეამჩნევთ აბრეშუმის მუზეუმსა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონს. აბრეშუმის მუზეუმის შენობა ჯერ კიდევ 1887 წელს დაარსდა. ის თავიდანვე გათვლილი იყო, როგორც კავკასიის მეაბრეშუმეობის კომპლექსის მთავარი სადგური, რომელშიც განთავსდებოდა აბრეშუმის მუზეუმი. ბორის პაიჭაძის სახ. დინამო არენა, მოგეხსენებათ, ყველაზე დიდი სტადიონია საქართველოში. თითოეული ეს ნიშნული შანტანის ნარატივს კიდევ უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის.
მუშთაიდი თბილისის უძველესი ბაღია, რომელიც 1830-იან წლებში გაშენდა. ბაღის დაარსება სპარსეთის ერთ-ერთ თვალსაჩინო რელიგიურ მოღვაწეს, აღა-მირ-ფათაჰს უკავშირდება. ფეთეხ-აღა ირანის თავრიზში შიიტების რელიგიური ლიდერი - მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისგან წარმოდგა ბაღის სახელიც - მუშთაიდი. მუშთაიდის ბაღი გერმანელთა კოლონიებს ესაზღვრებოდა, რომლის მწვანეში ჩაფლული განაშენიანება ცნობილი იყო ხეხილის ბაღებითა და ბურჟუაზიული, ევროპული ყაიდის სამოსახლოებით. ამ ადგილას წლების განმავლობაში, უმთავრესად, ევროპულ სინამდვილეს ნაზიარები და მაძიებელი საზოგადოება იყრიდა თავს. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. ბაღში იმართებოდა კონცერტები და ეწყობოდა გამოფენები. სწორედ მუშთაიდიდან აფრინდა 1882 წელს ამიერკავკასიაში პირველი საჰაერო ბურთი.
შანტანი ბიოგრაფის მიერ შემოთავაზებული უახლესი პროექტია. ის თბილისის კიდევ ერთი უბნის, დიდუბის ღირსშესანიშნაობების ისტორიას მოჰყვება. სხვა პროექტების მსგავსად, შანტანს ინდივიდუალიზმი გამოარჩევს, რაც ლოკაციის ისტორიითა და ბრენდინგით არის შექმნილი. შანტანი თანამედროვე ქალაქის შენებაში თავის კვალს დატოვებს.